Friday, April 22, 2011

ამარკორდი

უკვე ღამის 10 საათი იქნება.. მე კი ისევ ამ გაქერცლილ სკამზე ვზივარ და გამყინავი ქარის მიუხედავად ჯიუტად განვაგრძობ ფიქრს. ვიცი, რომ აუცილებლად თვალებდასიებულს მომიწევს ამ სკამის დატოვება, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. ვზივარ და ისევ ვიხსენებ თითოეულ დეტალს:
- თამო, მომაკითხეს.. უნდა წავიდე.. - დამნაშავესავით მიყურებს ეკა.
- არ ინაღვლო გენაცვალე, გამოჩნდება ავტობუსი და მეც წავალ. ნუ გეშინია აქ გაყინვას არ ვაპირებ და არც სიკვდილს - როგორც შემეძლო იუმორით ვუთხარი, მაგრამ მგონი სულ საპირისპირო რეაქცია გამოვიწვიე..
- აქ ვრჩები!! - მტკიცედ თქვა ეკამ, ფეხები დააბაკუნა და დაბღვერილმა გამომხედა.
მანქნის სიგნალი..
- ნუ სულელობ, არაფერი მოხდება. წადი, ხვალ უნივერსიტეტში შეგხვდები - ხმაში იმდენი სიმტკიცე გავრიე, ბოლოს თვითონაც გამიკვირდა. ეკამ ჩამიხუტა:
- ხვალამდე - პასუხად გავუღიმე. იგი მაინც შიშნარევი თვალებით ჩაჯდა მანქანაში.
"მშვენიერია.. ამდენ ხანს არასდროს ვმდგარვარ გაჩერებაზე ავტობუსის მომლოდინე. არ ყინავდეს მაინც.." - გავიქიფრე.. წინ გადავიხარე და გზას გავხედე. ტრანსპორტის ნასახიც არ ჩანს. უცებ მანქნის ხმა გავიგე და ინსტინქტურად გავხედე კიდევ ერთხელ გზას. ვერცხლისფერი მსუბუქი ავტომანქანა.. მარკა სიბნელეში ვერ გავარჩიე. ზუსტად ჩემ წინ გაჩერდა. ფანჯარა ჩამოიწია და ასე 25-ოდე წლის სიმპათიური მამაკაცის გამოსახულებამ მხიარულად შემომცინა:
- რაიმეს ხომ არ ელით?
- დიახ.. - მისი თვალების ტყვეობიდან განვთავისუფლდი - ავტობუსს..
- ახლა ძალიან გვიანია - (პაუზა) - თუ გნებავთ სახლამდე მიგიყვანთ - დღემდე არ ვიცი რატომ ჩავჯექი მანქანაში, ის კი მახსოვს, როგორ თბილოდა შიგნით და როგორი ლამაზი ადამიანი მიღიმოდა მარცხნიდან. შევხედე და ჩემდა უნებურად ისევ მივაშტერდი.. ცოტა დაიბნა.. თვალებზე შევატყვე..
- მაპატიეთ.. თავს ცუდად ხომ არ გრძნობთ? ამმ..
- თამო.. - (კნინობითად რატომ ვუთხარი არ ვიცი) გამოვერკვიე - არა მშვენივრად ვგრძნობ თავს.. - გამიცინა, პასუხად მეც გავუღიმე.. ალბათ ძალიან სულელურად.. მთელი გზა ხმა არ ამომიღია, არ ვიცი რატომ.. არ მახსოვს რაზე ვფიქრობდი.
 მერე საქარე მინაში გავიხედე.. ალბათ კარგა ხანს ვიყურებოდი, უცებ თვალი კაშკაშა შუქმა მომჭრა. ხელით მოვიჩრდილე.. მანქანამ მკვეთრად დაამუხროჭა.. ყველაფერს მივხვდი.. ბოლო წუთამდე აზროვნების უნარი არ დამიკარგავს, თუმცა არა - საერთოდ არ დამიკარგავს, ყველაფერი მახსოვს. მე სასწაულებრივ გადავრჩი, მაგრამ ყურში ახლაც მესმის გულისშემკუმშავი ყვირილი.. ჩემ გვერდით მჯდომს თურმე ფეხი ჩაჰყოლია ავარიის დროს, მაგრამ "დიდი არაფერი, ფეხის გადარჩენა მოხერხდა, მსუბუქი ტრამვაა, დროებით დაკოჭლდა" - გავიგე, როცა მის სანახავად საავადმყოფოში მივედი. პალატაში შევედი, ანგელოზს ეღვიძა.. მწვანე, დიდრონი თვალები შემომანათა და ძველებურად შემომცინა. მე კი ალბათ საშინელი ტკივილი მეწერა სახეზე. გეგონებოდათ მე ვიწექი პალატაში, ის კი ჩემ სანახავად მოსულიყო. ხმა ვერ ამოვიღე, მის გვერდით ჩამოვჯექი და ინსტინქტურად მის ხელს დავწვდი. ჩაიღიმა..
- გაცნობაც თითქმის ვერ მოვასწარით.. მთელი გზა ჩუმად იჯექით..
- მაპატიეთ.. თამუნა ნატროშვილი - ვთქვი და მისი ხელი გავაგდე.
- ლევან კალანდაძე.. - წამოიწია და რის ვაი-ვაგლახით ჩამომართვა ხელი... კარგა ხანს ვისაუბრეთ..
მერე ინსტიტუტში შევხვდით.. მომაკითხა.. მახსოვს ისე გამიხარდა, უცებ თავმოყვარეობა გადამავიწყდა და მთელი ძალით ჩავეკარი ისე, რომ ყავარჯენზე დაყრდნობილი ლამის გადავაქციე.
- მაპატიეთ - გავწითლდი და ხელი მოვაშორე მის კისერს.
- ვერ გისაყვედურებთ.. - გაიცინა..
მთელი საღამო ვსეირნობდით, ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ. ისე გავერთე სულ გადამავიწყდა მისი ნატკენი ფეხი და ყავარჯენი. ამ სკამთან მოვედით, რომელზეც ახლა მე ვზივარ: მე ვტიტინებდი, რაღაცას ვყვებოდი და მისკენ არც გამიხედავს. უცებ ჩაჯდა.. ტკივილისაგან მწვანე თვალები წყლით აევსო.. მთელი სხეულით ყავარჯენს დაეყრდნო. მე უმალ თავი დამნაშავედ ვიგრძენი, მომინდა მოვმკვდარიყავი..
- მაპატიეთ.. მე.. მე.. ისე გავერთე.. რომ..
- არაფერია.. გამივლის.. - სიმწრით გამოსცრა კბილებში. მერე მოვტვინე, ხელი მოვხვიე და სკამზე დაჯდომაში მივეშველე. ხელი იმ ხელზე დავადე, მტკივან ფეზხე რომ ედო..
- ძალიან? - კვითხე გულშეკუმშულმა.. თვალები შემომანათა, მაგრამ მათში ტკივილი სხვა რამეს გადაეფარა, თუმცა მეორე ხელი ისევ გასკდომამდე მომუშტული ედო
- ძალიან.. - და მე მივხვდი, რომ ეს "ძალიან" მხოლოდ ტკივილზე არ იყო ნათქვამი.. არაფერი ვუპასუხე. მერე გულზე მიმიკრა.. ხელი ისევ დაძაბული და მომუშტული ჰქონდა...
 კვირაში სამჯერ ჩამოდიოდა თბილისიდან ჩემ სანახავად. იცოდა, რომ მიყვარდა ყველაფერი რაც ტკბილი იყო და ხან შოკოლადს მომიტანდა ხან რას, ხან რას, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ტკბილი მაინც მისი გული იყო.
ერთი შემთხვევის მერე, კატეგორიულად ავუკრძალე ჩემთვის ტკბილეულისა და საერთოდ ყველანაირი საჩუქრის მოტანა. მის საუკეთესო მეგობარს კარგად ვიცნობდი და ერთხელ მომიყვა:
- თამო იცი.. ლევანი მთელი დღეები.. ავტობუსით არ დადის და სასწავლებელში არაფერს ყიდულობს.. მშობლები ფულს აძლევენ.. და ის.. ინახავს, აგროვებს, რომ მერე შენ გიყიდოს ტკბილეული.. ტანსაცმელს ხშირად ჩემგან თხოულობს.. დახეული ფეხსაცმელს თავის ხელით აკერებს ხელოსანში ფული რომ არ დაეხარჯოს..
ცრემლებს ძლივს ვიკავებდი..
- მე.. მე.. - ხმა მიკანკალებდა -  ჩემთვის ეს არ უთქვამს..
- ვერც გეტყოდა..
გაგიჟებით მიყვარდა, მაგრამ ამ დღის შემდეგ მისდამიუფრო ღრმად ჩავეფალი სიყვარულში.
მეორე დღეს, საღამოს 6 საათზე "ჩვენს" სკამთან მელოდა. მივუახლოვდი, მაგრამ ძველებურად არ გაუღიმია. სკამზე ჩამოჯდა.. მეც გვერდით მივუჯექი.. გულზე მიმიკრა და თავზე მაკოცა (პირველად ცხოვრებაში) .. მერე გულისცემა აუჩქარდა..
- მიყვარხარ.. - მე კი უფრო შემიყვარდა..
- ...
- ხვალ... - რაღაცის თქმა უნდოდა, რაღაც მნიშვნელოვანის..
- ხვალ რა ხდება?
- ქვეყანას ვჭირდები.. - მივხვდი რაშიც იყო საქმე "ქუდზე კაცს კრეფენ".. ახლა ხომ 92 - ია..
- მე უფრო მჭირდები.. - პირველად გამოვუტყდი..
უფრო ძლიერად მიმიკრა..
- დავბრუნდები.. აუცილებლად დავბრუნდები..
- ვიცი.. - ვტიროდი..

3 თვის შემდეგ წერილი მომივიდა:
"ცოლად გამომყვები?".. - პასუხი არ მიმიწერია..

2 თვის შემდეგ ისევ მომივიდა წერილი:
"ძალიან".. - ამ მოკლე წერილს თან ახლდა რაღაც ფურცელი:
"...გზადაკარგულად ითვლება ლევან კალანდაძე".. - დანარჩენი ვეღარ გავიაზრე..
მერე ცნობიერება იქიდან აღმიდგა, მეზობელმა რომ გამომაღვიძა სკვერში სკამის წინ მგდარი.. არ ვიცი საიდან თავი სისხლიანი მქონდა..


No comments:

Post a Comment